
მოგესალმებით, წინა სტატიაში სათითაოდ განვმარტე ანდროიდ სისტემის ყველა დანაყოფის დანიშნულება, ახლა კი შევეცდები რა არის რუთი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. მართალია ამ სტატიის დადებას არ ვაპირებდი, რადგან ჩემი აზრით ამის შესახებ ანდროიდის ყველა მომხმარებელმა იცის, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ერთი სტატია რუთის შესახებ ამ ბლოგს არ აწყენდა. მაშ ასე, დავიწყოთ.
სმარტფონის დარუთვა არის პროცესი, რომლის შემდეგაც მომხმარებელი სისტემაში იღებს სუპერმომხმარებლის (superuser) პრივილეგიებს. სუპერმომხმარებელს აქვს ისეთ სისტემურ ფაილებთან წვდომის და მოდიფიცირების უფლება, რომლებთანაც არ აქვს ჩვეულებრივ მომხმარებელს. მაგალითად /data და /system დანაყოფებზე. რუთ პრივილეგიების ქონა აპლიკაციების განსხვავებული კლასის დაყენებისა და სისტემური დონის მოდიფიკაციების საშუალებას იძლევა. ასევე მისი მეშვეობით შეგვიძლია გამოვიყენოთ მოწყობილობის ისეთი ფუნქცია, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო.
თუმცა არ გეგონოთ, რომ სმარტფონის დარუთვის შემდეგ თქვენთვის სმარტფონის მოდიფიკაციის გზა სრულიად გახსნილი იქნება. მოდით ასე ვთქვათ, სმარტფონის დარუთვა არის პირველი ნაბიჯი მოწყობილობის მოდიფიკაციის დასაწყებად. რუთზე წვდომა საჭიროა custom recovery-ს დასაყენებლად, რომელიც custom ROM-ების, კერნელების და სხვა მოდიფიკაციის ხელსაწყოების დაფლეშვის საშუალებას იძლევა. ასევე რუთის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ დააინსტალონ ძლევამოსილი და მრავალფეროვანი Xposed Framework, რომელიც არის მოწყობილობის მოდიფიკაციის ადვილი გზა, ზიანის გარეშე.
მისი ძალის გამო, რუთზე წვდომა ხშირად საშიშიცაა. საბედნიეროდ, არსებობენ რუთის "მოსარჯულებელი" ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა SuperSU (ეს მაგალითი მოვიყვანე რადგან ის საუკეთესოა), რომლის საშუალებითაც ჩვენ რუთის უფლებებზე წვდომას მხოლოდ იმ აპლიკაციებს ვაძლევთ, რომლებსაც ჩვენ გვსურს. არსებობს ბევრი ისეთი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გვაძლევს "გამოვასწოროთ" სმარტფონი, თუ რაიმე არასწორად წავა. რა საკვირველია, ეს ხელსაწყოები რუთზე წვდომას მოითხოვს. დასაწყისისთვის, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ აპლიკაციების და მათი ინფორმაციის დარეზერვება სმარტფონის მეხსიერებაში, კომპიუტერში ან ღრუბლოვან საცავში. სუპერმომხმარებლის პრივილეგიების მქონდე მომხმარებლებს აქვთ საშუალება custom recovery-ს დახმარებით გააკეთონ არსებული სისტემის სრული რეზერვი, რომელსაც Nandroid backup-ს უწოდებენ. Nandroid backup-ის შესრულებისას მეხსიერებაში ინახება სისტემის ყველა დეტალი, ფაქტიურად ჩვენი არსებული სისტემური კონფიგურაციის ასლი.
იმის სია, თუ "რა სარგებლობა მოაქვს რუთს", შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო, თუმცა ჯობია პირდაპირ აგიხსნათ, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ რუთზე წვდომა.
Framaroot
ამ აპლიკაციით ძალიან ბევრი მოწყობილობის დარუთვაა შესაძლებელი. მხარდაჭერილი მოწყობილობების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Towelroot
Towelroot მოწყობილობას Linux kernel CVE-2014-3153 ექსპლოიტის საშუალებით რუთავს. აპლიკაცია შექმნილია სპეციალურად Galaxy S5-ის რამდენიმე ვარიანტისთვის, თუმცა ის საკმაოდ ბევრ მოწყობილობაზე მუშაობს.
CF-Auto-Root
ეს აპლიკაცია შექმნილია Chainfire-ს მიერ და იგი გამოიყენება დამწყებების მიერ. ასევე მას იყენებენ მომხარებლები, რომლებსაც სურთ სტოკთან რაც შეიძლება ახლოს დარჩნენ. აპლიკაცია გამოიყენება სამსუნგის სტოკ სისტემებთან და ნექსუსის მოწყობილობებზე. ის აღიარებულია როგორც მოწყობილობის დარუთვის უადვილესი და უსწრაფესი გზა. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: იგი აინსტალებს და ააქტიურებს SuperSU-ს სისტემაში.
KingRoot
აპლიკაცია KingRoot შექმნილია მათთვის, ვისაც მოწყობილობაზე სურს მხოლოდ რუთზე წვდომა და არა რაიმეს დაფლეშვა. მეთოდი მუშაობს თითქმის ყველა Android სმარტფონზე 2.x-დან 5.1-ამდე. KingRoot-ის მუშაობის მეთოდი დაფუძნებულია კერნელის ექსპლოიტზე. მოწყობილობაზე ავტომატურად იწერება ყველაზე მორგებადი რუთის სტრატეგია ღრუბლოვანი საცავიდან. აპლიკაცია საუკეთესო რუთ ვარიანტს ადგენს სმარტფონის სისტემის მიხედვით. აპლიკაციის უდიდესი პლიუსი ისაა, რომ ის არ თიშავს KNOX-ს და Sony_RIC-ის გათიშვის შესაძლებლობა აქვს.
No comments:
Post a Comment