Tuesday, December 8, 2015

Android დანაყოფების ახსნა: boot, system, recovery, data, cache, misc


მოგესალმებით, წინა სტატიაში მე აგიხსენით, თუ როგორ უნდა დაგვეინსტალებინა და გამოგვეყენებინა adb. ამ სტატიაში კი განვმარტავ Android-ის ყველა დანაყოფს: boot, system, recovery, data, cache და misc. მაშ ასე, დავიწყოთ.

Android სისტემა სხვადასხვა ფაილებისა და საქაღალდეების მოწყობილობაზე შესანახად სხვადასხვა დანაყოფებს იყენებს. თითოეული დანაყოფი მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებაში უდიდეს როლს ასრულებს, თუმცა ანდროიდის ბევრმა მომხმარებელმა მაინც არ იცის მათ შესახებ. ამ სტატიაში შევეცდები ყველა დანაყოფს შევეხო და განვმარტო მათი ფუნქცია.

Android სმარტფონებსა და პლანშეტბზე, სტანდარტულად არის შემდეგი დანაყოფები:

  • /boot
  • /system
  • /recovery
  • /data
  • /cache
  • /misc
ასევე გვხვდება SD ბარათის დანაყოფებიც:
  • /sdcard
  • /sd-ext
/sdcard არის ერთადერთი დანაყოფი, რომელიც უკლებლივ ყველა ანდროიდ მოწყობილობაში გვხვდება, დანარჩენები კი ზოგიერთში გვხვდება, ზოგიერთში არა.

/boot
ალბათ სახელის მიხედვითაც მიხვდებით, რომ ეს დანაყოფი საჭიროა ტელეფონის ჩასართავად. მასში შედის კერნელი და ramdisk. ამ დანაყოფის გარეშე, ტელეფონი არ ჩაირთვება. ამ დანაყოფის დასუფთავება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალიან აუცილებელია. დასუფთავების შემდეგ, მოწყობილბა არ უნდა გადაიტვირთოს, სანამ არ დაყენდება ახალი ROM, რომელიც /boot დანაყოფს შეიცავს.

/system
ეს დანაყოფი შეიცავს მთლიან ოპერაციულ სისტემას, კერნელისა და ramdisk-ის გარდა. ის შეიცავს ანდროიდის სამომხმარებლო ინტერფეისს და სხვა ბევრ სისტემურ აპლიკაციას, რომელიც ტელეფონში ჩაშენებულია. ამ დანაყოფის დასუფთავება გამოიწვევს ტელეფონში ოპერაციული სისტემის წაშლას, რის შემდეგაც მოწყობილობა არ ჩაირთვება. თუმცა recovery და bootloader რეჟიმებში შეღწევა კვლავ შესაძლებელი იქნება.

/recovery
ეს დანაყოფი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ანდროიდის ჩატვირთვის ალტერნატიული მეთოდი, რომელსაც recovery რეჟიმს უწოდებენ. ამ რეჟიმში შესაძლებელია ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორებიცაა ROM-ის დაფლეშვა, მოწყობილობის გასუფთავება და ა.შ. დაწვრილებით ინფორმაციას recovery-ს შესახებ შემდეგ სტატიაში იხილავთ.

/data
ამ დანაყოფს ასევე userdata-საც უწოდებენ. სახელის მიხედვითაც ადვილი გამოსაცნობია, რომ ამ დანაყოფში თავმოყრილია მომხმარებლის ყველა ინფორმაცია - კონტაქტები, შეტყობინებები, ოფციები და დაინსტალებული აპლიკაციები. ამ დანაყოფის გასუფთავება გამოიწვევს სმარტფონის ქარხნულ რესეტს, რაც მოწყობილობას იმ მდგომარეობაში გადაიყვანს, როგორშიც ის შეძენისას იყო. როდესაც ჩვენ მოწყობილობაზე ქარხნულ რესეტს ვასრულებთ, სწორედ ამ დანაყოფიდან იშლება ინფორმაცია.

/cache
მარტივად რომ ვთქვათ, ამ დანაყოფზე ინახება ქეში, ანუ ინფორმაცია, რომელსაც ანდროიდი დროდადრო აგროვებს. ამ დანაყოფის გასუფთავებისას არ წაიშლება არანაირი პირადი ინფორმაცია. სმარტფონის ჩატვირთვის შემდეგ, სისტემა ისევ გააგრძელებს ქეშის შენახვას.

/misc
ეს დანაყოფი შეიცავს ანდროიდ სისტემაში განხორციელებულ სხვადასხვა ოფციებს. ეს შეიძლება იყოს CID, USB კონფიგურაცია, hardware ცვლილებები და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაყოფია და თუ იგი წაიშლება, მოწყობილობა გაუმართავად იმუშავებს.

/sdcard
ეს დანაყოფი არის SD ბარათი. მასზე მომხმარებლები ინახავენ ფოტოებს, ROM-ებს და ა.შ. მისი დასუფთავება აბსოლიტურად უსაფრთხოა და მოწყობილობას არ ავნებს, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ SD ბარათზე არსებული ყველა ინფრომაცია წაიშლება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრი აპლიკაცია ინფორმაციას/მონაცემებს SD ბარათზე ინახავს, ამიტომ ამ დანაყოფის გასუფთავების შემდეგ ესეც წაგვეშლება.
მოწყობილობებზე, რომლებსაც SD ბარათის მხარდაჭერა აქვთ, /sdcard წარმოდგენილია როგორც ჩაშენებული მახსოვრობის დანაყოფი, SD ბარათისთვის კი ალტერნატიული დანაყოფია არჩეული. მათი სახელი ძირითადად არის /sdcard2 ან /sdcard/sd.

/sd-ext
ეს არ არის ანდროიდის სტანდარტული დანაყოფი, თუმცა custom ROM დეველოპმენტში საკმაოდ პოპულალურია. იგი წარმოადგენს SD ბარათზე გამოყოფილ /data დანაყოფს. ის გამოიყენება ისეთ ROM-ებში, რომლებსაც აქვთ APPS2SD+ ან data2ext მხარდაჭერა. ეს დანაყოფი კარგია იმ მოწყობილობებისთვის, რომლებსაც მთავარ /data დანაყოფზე ცოტა მახსოვრობა აქვთ. ასევე აქ არის შესაძლებელი აპლიკაციების შენახვა. ამ დანაყოფის გასუფთავება გამოიწვევს იგივე შედებს, რასაც იწვევს /data-ს გასუფთავება - წაიშლება შეტყობინებები, აპლიკაციები და ა.შ.

ვფიქრობ ყველა დანაყოფის შესახებ დავწერე. ამიერიდან, custom ROM-ის დაფლეშვისას ყოველთვის გეცოდინებათ, რომელი დანაყოფის წაშლაა საჭირო ან მიზანშეწონილი. მომავალ შეხვედრამდე.

No comments:

Post a Comment